გაკვეთილის თემა
|
გრიგოლ
ორბელიანი, ,,თამარ მეფის
სახე ბეთანიის ეკლესიაში“
|
სწავლების საფეხური
|
მესამე საფეხური, XI კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
15 / 0
|
მიზანი
|
ლექსის
შინაარსის გაცნობა; ანალიზი სახელმძღვანელოში მოცემული რუბრიკებისა და სხვა ინფორმაციის საშუალებით
|
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა
|
ლექსში ასახული საქართველოს ისტორიული წარსულისადმი
დამოკიდებულება ანუ მისი იდეალიზაცია აქტუალური იყო მეცხრამეტე საუკუნემდეც, მეცხრამეტე საუკუნეშიც და აქტუალურია
ამჟამადაც. გრ. ორბელიანის შემოქმედებაში იგი ლექსის ,,იარალის“ იდეური გაგრძელებაა
|
ესგ მისაღწევი შედეგები
|
ქართ. XI.
1 (4, 9); 6 (1); 7(2,5); 8(3); 5 (3,5); 9(6); 10 (3); 11 (2)
|
კავშირი საგნებთან
|
საქართველოს ისტორია (თამარ მეფის ეპოქა);
ლექსის პოეტური სტილის განმსაზღვრელი ძველი და ახალი ქართული ენის გრამატიკის
საკითხები
|
წინარე
ცოდნა
|
ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი ,,ვაჰ, დრონი, დრონი“, და იგი, როგორც რომანტიკოსი
პოეტი და გენერალი;
გრიგოლ ორბელიანი, როგორც რომანტიკოსი
პოეტი და გენერალი,
გერონტი ქიქოძის ესეს და ლექსის
,,იარალი“ მიხედვით
|
რესურსები
|
სასკოლო
სახელმძღვანელო: ქართული ენა და ლიტერატურა,
ავტორები: ნ. მუზაშვილი, ნ. ჩუბინიძე, ნ. შარაშენიძე, თბ,. 2013 აქტივობის რვეული; დაფა, ცარცი; ვიდეომასალა:
ფოტოები: რიგოლ ორბელიანის, ბეთანიის ეკლესიის,
თამარ მეფის, შოთა რუსთველის,
იოანე ზოსიმეს ,,ქებაი“-ს
|
გაკვეთილისმსვლელობა
|
საშინაო
წერითი დავალების შემოწმება
(5 წთ.)
საშინაო
დავალება: ესე: გრიგოლო რბელიანი: რომანტიკოსი
პოეტი და გენერალი.
დავალება მოწმდება
რამდენიმე მოსწავლის ნაწერის
მიხედვით: თითოეულ მათგანს როგორ
აქვს შესრულებული ესეს
დასაწყისი, ძირითადი ნაწილი და დასასრული
გაკვეთილის გამოკითხვა: ლექსი ,,იარალის“ (ტექსტი, ანალიზი) (10 წთ.)
(ეკრანზე
ისევ იქნება ის სლაიდები,
რომლებიც გამოყენებული იყო ამ გაკვეთილის
ახსნისას)
ახალი
გაკვეთილის ახსნა:(27 წთ.)
ფაზა პირველი:
აქტივობა პირველი:
წინა
გაკვეთილებზე შესწავლილი ტექსტის:
ალექსანდრე ჭავჭავაძის ,,ვაჰ, დრონი, დრონი“ და გრიგოლ
ორბელიანის ,,იარალის“ შორის მსგავსება და განსხვავება,
რაც დიკუსიისას იქნა
გაანალიზებული.
აქტივობა მეორე:
კითხვა: რა მსგავსება და განსხვავებაა ამ ლექსებს შორის მათი თანადროული საქართველოს საქართველოს
მოკლე ხნის წინანდელი ვითარების გახსენებისას?
ა)ალ. ჭავჭავაძე
მას ტკბილად ,,ნაგემნ დროს
უწოდებს“, გრ. ორბელიანი კი მეფე ერეკლეს მდივნისა და სამეფო კარის მეთარის
იარალი შანშიაშვილთან ერთად იხსენებს
გმირულ დროს, რომელიც დაუბრუნებლად გამქრალა
და რომელმაც ,,ყოველი კეთილი თან
წარიღო“.
ბ)განსხვავებას
ქმნის ალ. ჭავჭავაძისეული პათოსი, რომ იგი უცვლელია სამშობლოსადმი ერთგულებისას. ამ ლექსში, როგორც
ვ. კოტეტიშვილი აღნიშნავს, სამშობლოს ალეგორიული
სახეა სატრფო. ასეთი სახეობრივი აზროვნება
შემდეგში სრულყოფილი გახდა აკაკი წერეთლის შემოქმედებაში. გრ. ორბელიანის ლექსში კი სამშობლოს დიდების, მისი ჩასვენებული
მზის სახეა მეფე ერეკლეს საფლავი. ლექსი
სასოწარკვეთილი პოეტის განცდით
მთავრდება.
აქტივობა მესამე:
დიკუსიის საკვანძო
საკითხების გამეორება:
ა) ალექსანდრე ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის ცხოვრების
ქრონიკებისა და გერონტი
ქიქოძის აზრების მიხედვით,
არგუმენტებად მოხმობილი ფაქტები
და მოვლენები: ალექსანდრე ჭავჭავაძემ
მონაწილეობა მიიღო მთიულეთის
აჯანყებაში, ჯერ კიდევ 18 წლის ჭაბუკი სახლიდან
თავის მამას, გარსევან ჭავჭავაძეს, გაეპარა, მაგრამ გაჭრა იმპერატრიცა
ეკატერინეს ნათლულობამ და ყმაწვილი ალექსანდრე
საპატიმროდან გამოუშვეს, რაც თანამედროვეთა მიერ
ისე შეფასდა, როგორც მიცვალებული
ალექსანდრეს მისი მამის
გარსევანის მიერ საპატიმროდან გამოსვენება.
გარსევან ჭავჭავაძის შესახებ მოსწავლეებმა
მოიშველიეს ბატონიშვილთა სიტყვები: ,,აპრილის ხუთს მოკვდა ჭავჭავაძე გარსევან წყალმანკით
პეტერბურხს, გამცემი მეფისა და მამულისა თვისისა
ორგული“ (1811 წელი, დავით ბატონიშვილისა და მისი ძმების მინაწერი თარიღისქვეშ). ასეთი სიმკაცრე არცთუ ხშირად სმენიათ ისტორიულ
პიროვნებათა მიმართ, მით უფრო გარდაცვალების შემდეგ.
ჯერ კიდევ ჭაბუკი პოეტის ასეთი სიმამაცე მის
თავისუფლებისმოყვარე ბუნებაზე მეტყველებს. ამის შემდეგ ალექსანდრე ჭავჭავაძემ კვლავაც გამოხატა თავისი
დამოკიდებულება დაპყრობილი საქართველოსადმი,
შეთქმულებაში მონაწილეობაც მის გულში სამშობლოს
სიყვარულის გამოხატულება იყო, მაგრამ შემდგომში
ალექსანდრე ჭავჭავაძის, როგორც ქართველი
პატრიოტის, ურყევობა (,,მე იგივე ვარ მარად და მარად“) თითქმის
მხოლოდ პოეტურ სტრიქონებში
დარჩა. ეს ლექსებიც არასოდეს
დაბეჭდილა, რომ ფართო ზეგავლენა მოეხდინა თანადროულ საზოგადოებაზე. მან უფრო
მეტი ზეგავლენა შემდგომ პერიოდებზე მოახდინა, როცა სამოღვაწეოდ გამოვიდნენ თერგდალეულები.
აქტივობა მეოთხე:
გრიგოლო რბელიანის ცხოვრება და შემოქმედება
ძლიერი კონტრასტულობით გამოირჩევა: ახალგაზრდობიდანვე, ერთი
მხრივ, იგი იყო რუსეთის
მეფის ერთგული არა მხოლოდ
საქართველოში, არამედ კავკასიაში,
რაც გამოიხატა კავკასიის ომებში თავგანწირული
ბრძოლით. ქართველი გენერალი დაუძინებელი მტერი იყო თავისუფლებისმოყვარე შამილისა. მას ეკუთვნის დღიურში ჩანაწერი, როგორ
გაანადგურეს დაღესტნის სოფელი გერგებილი და მხოლოდ სალი
კლდეები დატოვეს, ბაღებიც აკაფეს;
მეორე მხრივ, გულმხურვალე პატრიოტი
პოეტი.
მოსწავლეთა მიერ
კვლავ გამოითქვა დისკუსიისას თქმული, რომ ამ ორი
პოეტისა და გენერლის ქმედებისა და შემოქმედების
ასეთი საპირისპირო ხასიათი მიუღებელია. მოსწავლეები
გამოხატავენ უკომპრომისობას.
მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ, მეორე
მხრივ, გრ. ორბელიანმა, ჯერ კიდევ ახალგაზრდამ
დაწერა ლექსი ,,იარალის“, რომელიც
წინარე საუკუნის საქართველოს დიდების
მოგონებებით არის აღსავსე. იგი პეტერბურგში შეხვედრია ერეკლე
მეფის კარის მეთარეს
იარალი შანშიაშვილს, რომელიც უკვე
მოხუცი იყო, მაგრამ მგზნებარე
მეტრფე მეფე ერეკლესა და მისი დროისა.
პოეტი ახალგაზრდული დარდიმანდობის გახსნებითი
წყებს ლექსს: ეს არის
ორთაჭალის ბაღებში გაშლილი
სუფრები, ქეიფი და შექცევა,
რომელიც მათთვის სამუდამოდ
დამთავრებულა ისევე, როგორც მეფე ერეკლეს
დრო. მის მოგონებებში ქართული ქეიფი და დროსტარება ისეთსავე სანუკვარ
წარსულად ქცეულა, როგორც განვლილი
გმირული ხანა საქართველოსი.
ა)განვლილი დრო პოეტს რომანტიკული ოცნების მეტს აღარავითარ გამოსავალს აღარ უტოვებს, ამიტომ რეალობას
სწყდება, სიტუაციის რაციონალური გააზრების
გარეშე რჩება და ზღაპრისეულ
იმედებსღა გამოხატავს:
ნატრობს გმირს, რომელიც ,,ვეშაპს“
(რუსეთს) ძირს დასცემს. ეს მეცხრამეტე საუკუნის
პირველ ნახევარში საზოგადოების, კერძოდ, 1832 წლის შეთქმულთა
პოლიტიკური იდეალიზმის გამოხატულებაა.
ლექსის
ბოლოს თითქოს ისევ ფხიზლდება და რეალობის საოცრად რეალისტურსა
და სატირულ ფინალს
ხატავს: ყოველივე ჩავლილია, დასრულებულია,
ახლა გარეთ რუსულ
ყინვას, ხოლო შინ ,,უგარს“ უნდა გაუმკლავდეს დასვას ,,კვასი“.
ბ)გრ. ორბელიანი
ნატრობს გმირს. იგი ფასდება, როგორც რომანტიკოსი
პოეტის კრიზისიდან გამოსავალი, მაგრამ, ფაქტია, რომ დიდმა
სამოციანელებმა, ილიამ და აკაკიმ, სწორედ ასეთივე
გმირის ძიებით გააგრძელეს
სამშობლოს ხსნისთვის ფიქრი. მართალია, ქვეყნის ისტორიული
წარსულის სურათები დააკონკრეტეს, მაგრამ არც გადმოცემა-ლეგენდებისთვის აუვლიათ
გვერდი (ილიას ,,ბაზალეთის
ტბა“)
გ)გრ. ორბელიანმა ,,იარალის“ ახალგაზრდობაში, 1832 წელს დაწერა, მას
შემდეგ იგი სამხედრო
მოვალეობებს ასრულებდა, თუმცა საზოგადოებრივ საქმეებსაც
ასწრებდა. მიუხედავად ამისა, ,,მამებისა“
და ,,შვილების“ დაპირისპირება მისით დაიწყო და ქართული საუნივერსიტეტო განათლების
კერის გახსნაც ნახევარი
საუკუნით გადაიდო. ამ დაპირისპირებაში მისი
თაობა დამარცხდა, თუმცა გრ. ორბელიანმა გამოავლინა თავისი
დიდბუნებოვანება და ილია
ჭავჭავაძის ლექსის ,,პასუხის პასუხი“ წაკითხვისას უთქვამს: ,,მამას არ უნდა ეწყინოს შვილისგან გაწნული სილაო“.
დ)გრ. ორბელიანი
უკვე მოხუცებულობაში ქმნის
ლექსს ,,თამარ მეფის სახე
ბეთანიის ეკლესიაში“, 1877 წელს.
ე)დაისმის კითხვა:
როგორი ცვლილება განიცადა
მისმა მსოფლმხედველობამ, მისმა პატრიოტიზმმა ამ ხნის განმავლობაში?
მეორე ფაზა:
ლექსის
კომენტირებული კითხვა:
ა),,შენს წმინდა
სახეს,
შვენებით სავსეს, სახიერებით განსხივებულსა,
ვუმზერ
კრძალვითა, თაყვანცემითა,
ცრემლ-მორეული გემთხვევი
ფერხთა!
თამარ მეფის
ფრესკა პოეტისთვის გასულიერებულია, რომლის წინაშეც დგას ,,კრძალვით, თაყვანცემითა“. ,,ფერხთა“
თანადროული სალიტერატურო ფორმა აღარ
იყო, მაგრამ იგი არქაიზმად არ შეიძლება
ჩაითვალოს: გრ. ორბელიანის პოეტური ენა ძველი და ახალი ქართული ენის გასაყარზე დგას.
,,მიხარის_გიმზერ,
ვჰსწუხვარ_დაგიმზერ,
და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,“
სიხარულისა და მწუხარების ჟამს თამარის წმინდა სახისადმი სამარადჟამოდ მზერა მორწმუნის ხატებთან დგომისა და მათდამი სულიერი თანაზიარობის განცდას იწვევს. მართლაც, თამარ მეფე წმინდანია ქართული ეკლესიისა და იხსენიება მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეში, თანაც ის წმინდა სამების მეოთხე სახედ არის მიჩნეული. გრიგოლ ორბელიანისგან ასეთი მლოცველობითი დამოკიდებულება უჩვეულოდ არ გამოჩნდება, თუ გავიხსენებთ, რომ მას ეკუთვნის ლექსი ,,ფსალმუნი“.
ამ სტრიქონებით გამოხატულია ალუზია და რემინესცენცია ყოველივე იმისა, რაც თამარ მეფესთან არის დაკავშირებული ერისა და ეკლესიის ისტორიიდან, ასევე, ღვთისმსახურებიდან.
ვჰსწუხვარ ფორმაში ჰს პირის ნიშანი საერთოდ ახასიათებს მეცხრამეტე საუკუნის სამწერლობო ენას, იგი ანტონ კათალიკოსიდან მომდინარეა. ესრეთ ძველი ფორმაა, მაგრამ იგი პოეტის სამწერლობო ენისთვის ჩვეულებრივია.
,,არ გამოვფხიზლდე,
რომ აღარ ვჰგრძნობდე
ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..“
სულით დაცემული სამშობლოს სახე პოეტის ცნობიერებაში დაამკვიდრა არა მხოლოდ მართლაც სამშობლოს სულიერი დაკნინების ფაქტებმა, რომლებიც მრავლად იყო მის ირგვლივ, არამედ იმანაც, რომ იგი ახალ თაობას ბრალად სდებდა ღმერთის უარყოფას, ენის წახდენას და უღმერთო განათლების გავრცელებას. ეს საკითხი განხილული იქნება ლექსის ,,პასუხი შვილთა“ შესწავლისას. აქ მხოლოდ მოკლე კომენტარით დამთავრდება, რომ ილიამ გააბათილა მისი ბრალდებები.
,,ყვავილოვანი
წალკოტი შენი, შენის დიდების სხივ-მოკლებული,
აღარა ჰშვენის,
აღარ გვიბრწყინვის
შავ დროთა ძალით, ფერ-წახდენილი“
სიტყვა წალკოტი იმის გარდა, რომ ჩვეულებრივია ქართულ სიტყვათგამოყენებაში, ხშირად თერგდალეულთა მხატვრულ ნაწერებშიც, მისით პოეტი თამარს დიდების უსხივოდ დარჩენილად ხატავს. ეს სხივი კი იმ მეფისაა, რომელიც ასე გააღმერთა ქართველმა ერმა. ,,შავ დრო“-ში შეიძლება ვიგულისხმოთ მთელი ის პერიოდი, რომელმაც განვლო თამარის ეპოქიდან პოეტის ეპოქამდე, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მართებულია მხოლოდ პოეტის ეპოქის წინარე დრო ვიგულისხმოთ, როცა დასრულდა საქართველოს სამეფოს ისტორია.
,,და,
ვით განვლილსა
სიზმარსა ტკბილსა, მზეს დიდებულად ჩასვენებულსა,
ვიგონებთ შენს დროს,
გული გვიმაგროს,
სრულად არ წარვსწყდეთ ცის შემრისხავნი“,
წარსული დროის სიზმარივით აღქმა არის ალ. ჭავჭავაძის ლექსშიც ,,ვაჰ, დრონი, დრონი“. ჩანს, რომ რომანტიკოსთა თაობამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთნაირად განიცადა საქართველოს დიდებული დროის დასრულება და ერთნაირი სიტყვებითაც გამოიხატეს.
წარსული დროის ასე მოგონებით გამოხატულია საერთოდ წარსულის გაიდეალების მიზანდასახულება: გულისგამაგრება,
იმედისმოძიება, რადგან სამშობლოს ასეთ მდგომარეობაში ყოფნით მისმა შვილებმა ცა შერისხეს ანუ ღმერთი განარისხეს.
,,ხნით დამაშვრალი,
დაღონებული,
შენადვე, მეფევ, მოველვ ედრებით:“
ხნით ანუ ასაკით დაღლილობა, დაღონებულობა არ არის მხოლოდ დაბერებით გამოწვეული სევდა, იგი სამშობლოს შავი დღით არის დაღლილიც და დაღონებულიც. პოეტი ასე უსასოდ მყოფი მიდის მეფესთან, წმინდა თამართან, როგორც ცოცხალთან, რათა შეევედროს. შემთხვევითი არ არის, რომ სიტყვათ შეხამება ,,ცის შემრისხავნი“ გულისხმობს არა მხოლოდ სიმრავლეს, ვინც შეიძლება დაამხო დიდებულება ერისა, არამედ ისინიც, ვინც ხნით ანუ ასაკით უკვე მიღწეულა ცხოვრების დასასრულამდე. თუკი ასე იქნება გააზრებული, იგულისხმება, რომ ის თავისი თაობის შეცდომებსა და ცოდვებს აღიარებს.
,,მოხედო ბედკრულს
შენს სატრფოს_მამულს,
და ჯვარით შენით აკურთხო კვალად,“
მამულის გულშემატკივარი პოეტი ევედრება მეფეს, ცად თვალმიპყრობილ სახეს მეფისას, რომ გადმოხედოს თავის სატრფოს_ბედკრულ მამულს და კვლავინდებურად ჯვრითა კურთხოს იგი. მამული, როგორც სატრფო თვით პოეტის ლექსთან ,,საღამო გამოსალმებისა“ პოულობს ერთგვარ ანალოგს: ამ ლექსში პოეტი ემშვიდობება თავის სატრფოს და სამუდამოდ გამოთხოვების წინ ღმერთს ავედრებს მას. მისთვისაც მამული სატრფოა, რომელის დიდებულ წარსულს მწუხარებით აღვსილი სამუდამოდ ეთხოვება.
აი, რა არის პოეტის სავედრებელი მეფისადმი:
,,შენი ივერი
აღდგეს ძლიერი,
და დადგეს ერად სხვა ერთა შორის,
წმიდით საყდარით,
ენით მდიდარით,
სწავლისა შუქით განათებული!“
ძლიერი იყოს კვლავ საქართველო და დადგეს თანასწორად სხვა ერებთან. ასეთივე აზრი გამოხატულია ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილებშიც“: არიან ერები, რომლებიც საქართველოზე უარესი ბედით შობილან, მაგრამ უფრო უკეთესი მდგომარეობა მოუპოვებიათ. ამ შემთხვეაში მათი აზრები ერის უბედობაზე ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა მათ ნააზრევში განსხვავებაცაა. რაც შეეხება ერის გაძლიერებას წმინდა საყდრით, მდიდარი ენით და სამშობლო ქვეყნის მოყვარული ქართველებით, როგორც გაკვეთილის პირველ ფაზაში ითქვა, შეიძლება გამოხატული იყოს შინაგანი პოლემიკა ილია ჭავჭავაძის თაობასთან, იმ დაპირისპირებიდან სულ რაღაც შვიდიოდე წელიწადია გასული. იგულისხმება
,,მამათა და შვილთა“ ბრძოლა და გრ. ორბელიანის ,,პასუხი შვილთა“
,,და გაგვიცოცხლდეს,
რომ კვლავც მოგვესმეს
სიტყვა ქართული რუსთაველისა“
ამ სტრიქონებით გამოხატულია წარსულის იდეალიზაციის ახალი სახე: რუსთველი და მისი ენა. ენის სიკვდილსა და მის მოკვლაზე, ენის სიცოცხლესა და მის გაცოცხლებაზე ასევე ლექსში ,,პასუხი შვილთა“
საუბრობს პოეტი და პასუხსაც იღებს ილიასგან ,,პასუხის პასუხში“.
,,რომ განვიღვიძნეთ,
სულით განვახლდეთ,
და განქრეს ბნელი უმეცრებისა“
მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ ნიშანსვეტებს შეუძლიათ ქართველთა გამოღვიძება, სულით განახლება და უმეცრების ბნელის გაფანტვა. ,,უმეცრების ბნელის“ გაფანტვა გრ. ორბელიანისა და ილია ჭავჭავაძის პატრიოტიზმის საერთო იდეაა.
გამოიყოფა სიტყვები:
,,განვიღვიძნეთ“, ,,განვახლდეთ“, ,,განქრეს“ . -გან ძველი ზმნისწინის გამოყენებით ეს ფორმები არა მხოლოდ მაღალფარდოვან მხატვრულ სტილს ქმნიან, არამედ ,,განღვიძება“, ,,სულით განახლება“ მიანიშნებს სახარებაში მაცხოვრის მოწოდებაზე მორწმუნეთა მიმართ: ,,მღვიძარენი იყვენით!“
,,...მარამ ცად თვალნი
გაქვს მიქცეულნი,
და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა,
დამცირებულსა,
ხმა-მიღებულსა, ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს!
ეჭვით აღვსილსა,
უსასოდ ქმნილსა,
გულ-უიმედოს, გაუხარებელს!..“
ფორმა ,,მარამ“ (მაგრამ) არ არის ძველ ქართულში, სულხან-საბას ლექსიკონში, არც თანამედროვე დიალექტებში. მას იყენებს ილია ჭავჭავაძეც. სავარაუდოა, რომ იგი თანადროული სამეტყველო ენის კუთვნილებაა. მაგრამ რატომ გამოიყენა ამ კონტექსტში? სავარაუდოა, პოეტი ამით აღნიშნავს თავის დროს, საერთო ქართულ სატკივართან მეფის კავშირს. სხვა შემთხვევაში აუხსნელია, მარცვალთა რაოდენობას არც ,,მაგრამ“ ფორმა ცვლის.
სავარაუდოა ისიც, რომ ამ მონაკვეთში პოეტი უკვე გადმოდის რეალობაში ანუ დგას ნახევრად დანგრეული ბეთანიის ეკლესიაში ცისკენ თვალებმიქცეული მეფის ფრესკის წინაშე,
რომელიც ვეღარც ცნობს გულშემუსვრილ, დამცირებულ და ხმაჩამწყდარ ძეს ბედდაკარგული ივერიისა. ხმა-მიღებული კომპოზიტია.
ცისკენ თვალებმიქცეული მეფის სახე უსასოების განცდას იწვევს და საშინელი ეჭვით აღავსებს პოეტს:
,,ვაჰ, თუ რაც წახდეს,
ვეღარა აღჰსდგეს, ვეღარა აღყვავდეს
ახლის შვენებით?
და რაც დაეცა,
ის წარიტაცა შავმან ყორანმა, ვით უმწე მსხვერპლი!“
გამოიყოფა ფორმა ,,აღჰსდგეს“. -ჰს პირის ნიშნის შესახებ ზემოთ არის ნათქვამი. ამჟამადაც გამოიყენება აღსდგეს და აღდგეს ფორმები. ამათგან პირველი ფორმა ქმნის მაღალფარდოვან სტილს, თუმცა გრამატიკულად არასწორია, ხოლო მეორე ფორმა გრამატიკულად მართებულია, მაგრამ მოკლებულია ისეთი სტილის შექმნის უნარს. გრ. ორბელიანის პერიოდის ენაში გამოყენებული ფორმა იყო და მას სტილის შექმნის საშუალებად გამოყენება არ მიეწერება.
,,შავმან ყორანმა“ : ზედსართავი სახელის ძველი ქართულის ნორმით გამოყენება მსაზღვრელად, როცა საზღვრული ახალი ქართულის ნორმითაა, კარგად მიუთითებს გრ. ორბელიანის ენის თავისებურებაზე.
თვით ყორანი, როგორც პოეტური სახე, მას ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანთან“ აკავშირებს.
უმწე (უმწეო): პოეტური ლიცენციაა, მარცვალთრაოდენობის დასაცავად.
,,ჰე, ცრუ სოფელო,
დაუნდობელო, შენში კეთილი სად არს ფერუცვლელ?
დიდება ჩვენი,
ცად სხივ-მიმფენი,
ნუთუ ესღა გვაქვს ვხედავთ რასაცა?
შორისდებული ,,ჰე"_თი მიმართვა უფრო აახლოებს ამ სტრიქონში
გამოხატულ აზრს გურამიშვილის, რუსთველის
პოეზიასთან საწუთროს
სიმუხთლის, გაუტანლობის შესახებ. ამ სიმუხთლეს დაუნგრევია მამულის დიდება, და გაისმის პოეტის უდიდესი ტკივილით ნათქვამი
შეკითხვა (რიტორიკული შეკითხვა): ნუთუ ესღა შემოგვრჩა წარსულიდან?
,,დაყრუებულსა,
გზაშეუვალსა,
უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს,
სად სახე მეფის,
დიდი თამარის,
სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!.."
ლექსის ამ სტრიქონებით დამთავრება გამოხატავს პოეტის განცდის ლოგიკურ დასასრულს: ირგვლივ ყოველივე დაყრუებულია, ტაძარი დარღვეულია, ხოლო კედელზე გამოხატულ თამარ მეფეს ზეცად აქვს თვალნი მიქცეული. ლექსის ბოლოს პოეტის განცდათა სპექტრიდან რჩება საწუთროსადმი სამდურავი და ერის მდგომარეობის გაუმჯობესებისადმი საკმაოდ უიმედო დამოკიდებულება.
მესამე
ფაზა:
სახელმძღვანელოში მოცემული რუბრიკებიდან ,,ტექსტისა და მკითხველის" მეშვეობით ახალი მასალის ძირითადი საკითხების
გამოყოფა.
შეჯამება: ა) ლექსში გამოხატულია განცდათა სპექტრი: მეფისადმი თაყვანისცემის, წარსულის იდეალიზაციის, მეფისადმი მუდარის, მომავალი საქართველოს სულიერი საყრდენების მოძიება: წმინდა საყდარი, ენა, სამშობლოს სიყვარული, ეჭვისა და უიმედობის, სასოწარკვეთის განცდა იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც პოეტი ცხოვრობს.
სწორედ ამ იდეალიზაციის ძირითადი არსის, სამშობლოს ხსნის გზების ძიების გამო ილია ჭავჭავაძემ როგორც
გრიგოლ ორბელიანს, ისე, საერთოდ რომანტიკოსებს მათი შემოქმედება ,,საქმედ“ ჩაუთვალა.
ლექსში მოცემულია წარსულის გრძნობისმიერი აღქმა, მაგრამ, რაც შეეხება
იმ სამ ნიშნულს, რომელსაც ავტორი გამოყოფს, ცხადად ეტყობა რაციონალური გააზრების კვალი, რომელიც შემდგომში, განსაკუთრებით
თერგდალეულთათვის, მომავლის შესაქმნელად
უმნიშვნელოვანესი დებულებების როლი შეასრულა.
ასეთ რაციონალურ გააზრებას შეესაბამება ენათმეცნიერებაში
ცნობილი ,,დიდი ტრადიციის“ ცნება. პოეტმა მოიძია კრიზისში მყოფი ერისა და ენის დიდი ტრადიციები
და ამით აქტუალური გახადა წარსული თანადროული აწმყოსა და მომავლისთვის. ამით არის წარსულის
გაიდეალება დღესაც აქტუალური.
მოსწავლეებს განემარტებათ, რომ ყოველი ერი
და ენა ცდილობს თავის ტრადიციებზე დაყრდნობას.
ასეთი არის საქართველოსთვის ქართული ენის მისიის და ქართველ მეფეთა ღმრთივკურთხეულობის იდეა.
წყვილებში
სახელმძღვანელოში მოცემული თვალსაზრისების გაცნობა და გააზრება გაკვეთილის ძირითად
საკითხთან დაკავშირებით.
საშინაო დავალების მიცემა: (3wT.) წერილობით:
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართ
თამარ მეფის ფრესკის წინაშე, იქნებოდა თქვენი
განცდა პოეტის განცდის მსგავსი, თუ თქვენ სხვა განცდა დაგეუფლებოდათ?
|
შეფასება
|
|
Thursday, April 2, 2015
გაკვეთილის გეგმა. თემა წარსულის რომანტიკული იდეალიზაცია გრ. ორბელიანის ლექსის ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში"
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment